“დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით” – კახა კახიშვილი
“დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს განმეორდება ტელეკომპანიებში შეღწევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განჩინებას, რომლითაც სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ ფარული აუდიოჩანაწერების ამოღების უფლება მისცა.
მისი თქმით, არავინ აპირებს და ნამდვილად არ არსებობს აუცილებლობა ტელევიზიაში შესვლის.
„თუ კონვერტი არ არსებობს, არც ეს არის პრობლემა. ნებაყოფლობითი წარდგენა ამ განჩინების საფუძველზე არანაირ პრობლემას არ ქმნის, კონვერტი არ არის და განაცხადეთ, რომ არ არის. არ გვაქვს და რა ვქნათ? საიდან გავაჩინოთ კონვერტი, რომელიც არ არსებობს. მე საფუძველს ტელევიზიაში შემოსვლისა ვერ ვხედავ. მე ამას გეუბნებით, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც იურისტი. შესაბამისად, რა მასალაც გაქვთ, ამას გადასცემთ და ამით დამთავრდება ეს ეპოპეა.
მე, როგორც ერთი ადამიანი, პირდაპირ გეუბნებით, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვერანაირად მხარს ვერ დავუჭერ და, მე რამდენადაც ვიცი, არავინ არსად შესვლას არ აპირებს. როგორც იურისტი, მე პირდაპირ გეტყვით, შეგიძლიათ, წერილობით უპასუხოთ, რაც გვაქვს, გაძლევთ და რაც არ გვაქვს, ვერ გავაჩენთ, ამით დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ დამშვიდდით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ღმერთმა დაიფაროს და თქვენს გვერდში ვიქნები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში არასდროს არ განმეორდება ის, რაც მოხდა – ტელეკომპანიებში შეღწევა და ამით იმედი მაქვს, უფრო მეტ სტაბილურ დემოკრატიას შევქმნით”, – განაცხადა კახიშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.
პროკურატურის მიერ მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა, პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.