ომბუდსმენი: შეზღუდვების ფონზე, რეგიონებში სოციალური შეკრებები იმართება
სახალხო დამცველი გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და პრევენციული ღონისძიებების აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატება შეინიშნება, რაც საყურადღებოა.
“საყურადღებოა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია მატების ტენდენციით შეიცვალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ორი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა: პირბადის სწორად ტარება და სოციალური დისტანცია. საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 25 თებერვლიდან დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში მოსახლეობის მობილობა. ამ ფონზე სახალხო დამცველს საგანგაშოდ მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული მონაცემები, რომლის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-დან 43%-მდე შემცირდა.
ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულების დაკვირვების და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული არაერთი ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით იმართება სოციალური შეკრებები.
სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საზოგადოებას შეახსენებს თუ რა მძიმე შედეგები გამოიწვია 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულებამ, როდესაც მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით და საფრთხე შეექმნა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ახალი კორონა ვირუსით გარდაცვლილთა ოჯახები არაერთ შემთხვევაში მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, როგორც გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს:
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:
მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყონ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი შეზღუდვების შესრულებაზე ეფექტური და რეალური კონტროლი.
საქართველოს მოსახლეობას:
განუხრელად დაიცვან სოციალური დისტანციის, მათ შორის, ღია სივრცეებში პირბადით სწორად სარგებლობის და ჰიგიენური წესები, შეასრულონ კარანტინსა და თვითიზოლაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რეკომენდაციები, როგორც დღესდღეობით ერთადერთი და ყველაზე ეფექტური გზა საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად.
მედია საშუალებებს:
შესაძლებლობის ფარგლებში სისტემატიურად უზრუნველყონ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ინფორმირებულობა პრევენციული ღონისძიებების – პირბადის სწორად ტარების და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობის შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.