ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კოლეგას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტიდან, ტომ ტუგენდჰატს ონლაინ ფორმატში შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილ უთანხმოებასა და ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ პარლამენტის ბოიკოტირებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული რთული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში ჰიბრიდული საფრთხეების მატებაზე. „ქვეყანაში არსებული კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია განსაკუთრებით ამ ვითარებაში, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი რითაც, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა შეიძლება, იხეიროს”, – აღნიშნა ტომ ტუგენდჰატმა.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბრიტანელი კოლეგა ასევე დაინტერესდა ქვეყნის სამომავლო გეგმებითა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებით. მისი თქმით, ის ხედავს, რომ საქართველო არის ღირსი, გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. მხარეები შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კომიტეტების ერთობლივი სხდომა დაიგეგმება.
„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ კომიტეტების ერთობლივ სხდომას. სავარაუდოდ, ეს ჯერ იქნება ონლაინ რეჟიმში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს პარლამენტს ვიზიტად ეწვევა”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.