გურჯაანში ოჯახური ძალადობის დროს გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა „ფორმულასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოჯახში ხშირი იყო ჩხუბი, მეუღლე კი სვამდა.
მისივე თქმით, მის მეუღლეს აკვიატებული ჰქონდა, რომ ბავშვი ან უნდა მოეკლა ან ღუმელში დაეწვა.
„ჩემმა მეუღლემ ჩემკენ საცემად გამოიწია. მე ამ დროს ბავშვი მეკავა ხელში. თავის დაღწევა მინდოდა, მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა. განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებს ვეძახდი, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ არავინ გამოვიდა დასახმარებლად.
ბავშვი გულზე მყავდა მიხუტებული და როდესაც მეუღლემ ღუმელი მესროლა, თავში მოხვდა. სროლის დროს ზურგი მივუშვირე, დავვარდი და თმებში მწვდა, ვუთხარი – რას აკეთებ, ბავშვი უნდა მომიკლა-მეთქი? მიპასუხა, რომ როგორც მე გამამწარეს, ისე თქვენ გამწარდებითო,
აკვიატებული ჰქონდა, რომ ეს ბავშვი ან უნდა მოვკლა ან ღუმელს შევუკეთებო. წინათაც იყო მსგავსი შემთხვევა და მაშინ პოლიციამ 2 000- ლარიანი ჯარიმა დაუწერა. ხშირად სვამდა და ხშირად ვჩხუბობდით,“ – ამბობს 8 თვის გარდაცვლილი გოგონას დედა.
ცნობისთვის, გურჯაანში გუშინ ოჯახურ ძალადობას 8 თვის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მამაკაცი პოლიციამ დააკავა.
შსს-ს ცნობით, 1985 წელს დაბადებულმა ზ.შ-მ 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.