ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია იმოქმედებს კანონიკური სამართლის მიხედვით, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც გულისხმობს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ.
„შესაძლებელია – სრულიად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და ძალიან გვაგონებს ეს საბჭოური პერიოდის ეკლესიების დარბევას. გუშინდელი ინციდენტიც იყო სრულიად მოულოდნელი და მიჭირს პროგნოზირება, რა შეიძლება, ხვალ კიდევ გააკეთონ. სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს ეკლესია, კანონიკური სამართლის ფარგლებში. იცით, რომ კანონიკური სამართალი ითვალისწინებს ზოგიერთ შემთხვევაში მღვდელმსახურების შეჩერებასაც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მედიის ექვსი წარმომადგენელი.
ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლადდანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.