“მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი”

“მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი”,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ავრცელებს.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბექა ნაცვლიშვილის სტატიას „ნამახვანჰესის ალტერნატივა არსებობს” ეხმაურება.

„მართალია, ზოგადად, ქარისა და მზის გენერაცია წლის და თვეების ჭრილში უფრო თანაბარია, ვიდრე წყალსაცავების, მაგრამ მათ გენერაცია დღის, საათის, წუთების მონაკვეთებში მკვეთრად ცვალებადია. ამიტომ მოხმარება-მიწოდების ბალანსის შესანარჩუნებლად საჭიროა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში სწრაფმოქმედი რეზერვების არსებობა. გარდა ამისა, ქარის და მზის სადგურებს არ გააჩნიათ „ინერცია“, რომელიც წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული სისტემის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს ავარიებს. შესაბამისად, მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან დიდი სიმძლავრეების ინტეგრაციის შემთხვევაში, თუ სისტემაში არ იქნება საკმარისი რეზერვების და ინერციის წყაროები, გაიზრდება ავარიების რაოდენობა და მომხმარებლების შეზღუდვის რისკი. ამიტომ ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობის უზრუნველსაყოფად, უნდა მოხდეს წყალსაცავიანი ჰესების და მზის და ქარის ელექტროსადგურების ჰარმონიული განვითარება.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმის 18-ე თავში მოცემული გერმანული კომპანია DIGSILENT-ის კვლევის შედეგებით საქართველოს ენერგოსისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციის შესახებ, სხვა ფაქტორებთან ერთად, აუცილებელია ენერგოსისტემის მოქნილობა, საკმარისი სიმძლავრის პირველადი, მეორეული და მესამეული რეზერვების არსებობა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს დიდი რეზერვუარის მქონე ჰიდროსადგურების ან/და ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების არსებობით. ასევე აუცილებელია, რომ სისტემას ჰქონდეს საკმარისი ინერცია.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, იმ დაშვებებს, რომელიც მოცემულია ათწლიან გეგმაში, რომელიც გათვალისწინებული იქნას განახლებადი ელექტროსადგურების ინტეგრირების შესაძლებლობის კვლევისთვის:

• 1850 მგვტ გ.ე.წ. სადგურების ინტეგრირების პოტენციალი:

o 520 მგვტ მზის სადგურები;

o 1330 მგვტ ქარის სადგურები;

o მოხმარების წლიური ზრდა 5-6%.

• 2020 წლიდან:

o გათვალისწინებულია საბალანსო ბაზრის არსებობა;

o მოხმარების, გ.ე.წ. და მოდინების სადგურების პროგნოზირების სისტემის არსებობა გათვალისწინებულია.

• 2025 წელი:

o ყველა დაგეგმილი ჰესი შედის ექსპლუატაციაში გარდა ხუდონჰესის და ცხენისწყლის კასკადის.

• 2030 წელი:

o ყველა დაგეგმილი ჰესი შედის ექსპლუატაციაში.

აქ „ყველა დაგეგმილ ჰესში“ იგულისხმება ათწლიან გეგმაში გათვალისწინებული ჰესები, მათ შორის ნამახვანის კასკადი 433 მგვტ; ნენსკრა 280 მგვტ – მუშაობაში შედის 2025 წელს, ხოლო ხუდონჰესი 700 მგვტ და ცხენისწყლის კასკადი 350 მგვტ 2030 წელს.

ამდენად, კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციისთვის, მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების სისტემაში ინტეგრირება, რაც გათვალისწინებული არის განახლებადი ენერგიის წყაროების კვლევაში.

ამასთან, გაუგებარია, რას ეფუძნება ბატონი ბექა ნაცვლიშვილის ვარაუდი, რომ დღეისათვის შესაძლებელია 500 მგვტ-მდე ქარის ინტეგრაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები