„ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი – ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა. შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის ელჩები დაესწრნენ. როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა.
„ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი – ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა,” -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მასთან შეხვედრისას იხუმრა, რომ საქართველო შესაძლოა გინესის წიგნშიც აღმოჩნდეს, რომელმაც მოახერხა ყველაზე სწრაფად დაესრულებინა მოლაპარაკებები. „მე ვიქნები ბედნიერი, თუ ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება საქართველოსთვის ყველაზე კარგი მცველი შიდა თუ გარე რისკებისგან. ის გაგვიხსნის გზას, რათა ავაშენოთ ევროპული, განვითარებული საქართველო”,-დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სამუშაო სადილზე ასევე სიტყვით გამოვიდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდეს დე ლა პენია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და გამოთქვა მათი გაგრძელების იმედი. პენიამ აქცენტი გააკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების სიკეთეზე, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები