ირაკლი ზარქუა: „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და კონსენსუსი შეიძლება, მიღწეული იყოს საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, ბარიერის დაწევაზე.
„პატარა პარტიების ინტერესებია, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია, რომ 5-პროცენტიანი დარჩეს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, თუმცა, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არიან ადამიანები, ვისაც არ უნდა რევოლუციური სცენარი. ჩვენ ველოდებით ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ხვალინდელი დღე არა რევოლუციურ სცენარზე, არამედ დიალოგზე და შეჯერებულ ვარიანტზე გადის. 113 ხმა მიიღწევა მთლიანად, რომ გამოაკლო „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მათ შორისაც არიან ადამიანები, ვინც რევოლუციურ სცენარს არ ემხრობიან.
დიალოგს რომ ალტერნატივა არ აქვს, ყველა დეკლარირებულად ვამბობთ. იმ მცირე ნაწილს, რომელიც გაკოტრებულია, მათ შორის, თავისივე ამომრჩევლის თვალში, დასახული აქვთ რევოლუციური სცენარი, პიკეტირება, ქაოსი, გადაკეტვა, ძახილი, ამათ თუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილის დაკვეთას აღასრულებენ რევოლუციური სცენარის, გამორიცხულია, დაიღლებიან, ის თანხაც გაუთავდებათ, სადამდე უნდა იყვნენ ასე. დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. მზად ვართ დიალოგისთვის და შეთავაზება, რომ საარჩევნო კოდექსი დავხვეწოთ, ძალაშია. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, დარწმუნებულები ვართ, ოპოზიციის ის ნაწილი მაინც, ვინც სახელმწიფოებრივად ფიქრობს, მობრძანდება, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და კონსენსუსს მივაღწევთ, კონსენსუსი შეიძლება, იყოს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით, ბარიერთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზარქუამ.