შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის გადაეგზავნება.

მისივე ინფორმაციით, „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოვლინდება და გადაითვლება 5-5 უბანი. ჯამურად, გადაითვლება 365 უბანი, ანუ უბნების საერთო რაოდენობის 10%.

„ამასთანავე, გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა. შესაძლებელი იქნება ცესკო-ს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.

აიკრძალება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა. აიკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.

მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, შეეხება საარჩევნო ბარიერს. როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით გათვალისწინებული 5%-დან მაქსიმუმ 3%-მდე. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი მუშაობა მანამ, სანამ პარლამენტი პროექტს მესამე მოსმენით მიიღებს. ამ პერიოდში სამუშაო ჯგუფთან კვლავ გავაგრძელებთ პროექტის დახვეწას, ისევე როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის დეტალების განხილვას. ამასთან, პროექტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს ერთობლივი დასკვნისთვის.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები