პრემიერმა ევროკავშირის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა. შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევ ევროკავშირის ელჩები ესწრებოდნენ. საქართველოს პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს არის მისი, პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტი ბრიუსელში. „ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი – ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ მასთან შეხვედრისას იხუმრა, რომ საქართველო შესაძლოა გინესის წიგნიც აღმოჩნდეს, რომელმაც მოახერხა ყველაზე სწრაფად დაესრულებინა მოლაპარაკებები.
„მე ვიქნები ბედნიერი, თუ ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთვის ყველაზე კარგი მცველი იქნება შიდა თუ გარე რისკებისგან. ის გაგვიხსნის გზას, რათა ავაშენოთ ევროპული, განვითარებული საქართველო“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სამუშაო სადილზე სიტყვით გამოვიდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდეს დე ლა პენია. მან დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და გამოთქვა მათი გაგრძელების იმედი. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების სიკეთეზე, მათ შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები