ანა ნაცვლიშვილი ეკატერინე ტიკარაძეს: გაასაჯაროვეთ ვაქცინის მისაღებად წარმოებული ყველა ოფიციალური მიმოწერა

ჯანდაცვის მინისტრმა უნდა გაასაჯაროვოს ვაქცინის მისაღებად წარმოებული ყველა ოფიციალური მიმოწერა და საზოგადოება თავად შეაფასებს, ვინ ამბობს მართალს, რამდენად მოქმედებდა ის კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დროულად გვქონოდა ვაქცინა, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა , ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვის დასაწყისში მან სამინისტროსგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ვაქცინის მისაღებად ოფიციალურად წარმოებული მიმოწერის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია.

„სამინისტრო კანონითაა ვალდებული, ეს ინფორმაცია საჯარო გახადოს, არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც მისი გასაჯაროვება შეიძლება დაყოვნდეს. ასობით ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა, ათასობით დაავადდა და დღემდე ებრძვის ვირუსისგან დატოვებულ მძიმე შედეგებს, ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო, ეკონომიკა ჩამოიქცა, უმძიმესია პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული შეზღუდვების შედეგები არაერთი ჯგუფისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის, შშმ პირებისთვის, პატიმრებისთვის . ვაქცინა აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოდ გასახსნელად, სხვა შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით თავიდან ჩაკეტვის რისკის წინაშე. მაშინ როდესაც მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ვაქცინაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ იცოდნენ ჩვენ რატომ არ გვაქვს ვაქცინა და რას აკეთებს ჩვენს მიერ დაქირავებული მთავრობა ვაქცინის დროულად მისაღებად“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, დაგვიანებულ ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრმა უნდა აიღოს.

„ცხადია, საქართველოში არაკომპეტენტური მმართველობის პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი ჯანდაცვის მინისტრი, მაგრამ ამ პოსტზე საჩქაროდ კომპეტენტური ადამიანია საჭირო. ვერ დაველოდებით ახალ არჩევნებს და ახალ, კომპეტენტურ მთავრობას, რომელიც აუცილებლად იქნება ახალი, სამართლიანი არჩევნების შედეგად. ყოველი დღე როცა პროცესები არაკომპეტენტურად იმართება, ძალიან დიდი ადამიანურ ფასს ითხოვს ჩვენგან. დღეს უკვე 1-ელი მარტია, ფაქტია, რომ დიდი ხნის წინ დაპირებული ვაქცინა ისევ არ გვაქვს, მინისტრმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს”, – აცხადებს ნაცვლიშვილი, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები