ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი” გაიმართა

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი” გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით.

- რეკლამა -

- რეკლამა -

დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს სამეწარმეო და ბიზნეს გარემოს, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების წარდგენას.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) რეგიონალურმა დირექტორმა რენატე ჰელდმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ კატალინ გერმანმა.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში ხაზი გაესვა ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ინვესტირების და ბიზნესის დაწყების სიმარტივეს, ქვეყნის მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირებას განაპირობებს.
დიასპორის ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ჩატარდა ოთხი თემატური სესია საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. თემატურ სესიებზე პრეზენტაციები წარადგინეს და არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს ეროვნული სააგენტოების, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თითოეული პროგრამის ადმინისტრირებასა და განხორციელებაში ჩართულმა კომპეტენტურმა პირებმა.

ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სავაჭრო რეჟიმებს და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულებებს. ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების პრეზენტაცია, სესიების მსვლელობისას განხილულ იქნა ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.

დიასპორის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო 120-მდე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამასთან, დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ფორუმისთვის თვალყური ედევნებინა და კითხვები დაესვათ ონლაინ რეჟიმში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ფეისბუკ გვერდების საშუალებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები