თეა ახვლედიანი დეპუტატებთან ერთად ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სოფელ ერგნეთში საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან მზია გიორგობიანთან, პარლამენტის დეპუტატებთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

როგორც „კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთში მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებების შესახებ მოისმინეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სოფელ ერგნეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ისე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სახელმწიფო მინისტრმა კომიტეტის წევრებს გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებსა და უკანონო დაკავებების ფაქტებზე. აღნიშნულ კონტექსტში სახელმწიფო მინისტრის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს და უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რაც განსაკუთრებით სავალალოა კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ერგნეთში. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი სხდომა. ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისითაც, რომ სწორედ ამ კვირაში ჩვენ ვეხმიანებით საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს. კომიტეტის გასვლით სხდომაზე მე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოაგილემ წარმოვადგინეთ ანგარიში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლების მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის მუშაობის შედეგების თაობაზე. ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ იმ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კულტურულ, თუ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელსაც ვახორციელებთ იმისთვის, რომ შევუმსუბუქოთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ოკუპაციით და ე.წ. ბორდერიზაციით მიყენებული მძიმე შედეგები, ზარალი და ასევე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამავდროულად ჩვენ ვუპასუხეთ კომიტეტის წევრების შეკითხვებს, ჩემს შემთხვევაში ბუნებრივია ეს ეხებოდა როგორც შერიგების და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პოლიტიკას”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები