ალი ბაბაევი: დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კულტურული ძეგლი, რომელიც შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში
“საერთო გაზეთი” საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევის ინტერვიუს აქვეყნებს.
როგორც ინტერვიუში ბაბაევი აცხადებს, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველთვის საქართველოს ინტერესების გამომხატველები არიან.
მისივე აზრით, დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კულტურული ძეგლი, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული.
ინტერვიუს “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
_ ალი აღა, რას იტყვით გარეჯის საკითხზე?
_ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყოველთვის ვიყავით და ვართ საქართველოს ინტერესების გამომხატველი. ის, რაც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის და სახელმწიფოთა შორის საკითხია, ჩვენ არ ვერევით. მაგრამ გვწყინს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საინფორმაციო საშუალებებში და სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფას გვაყენებენ. ჩვენ მომხრე ვართ ორი სახელმწიფოს კეთილმეზობლური დამოკიდებულების და ნურავინ ჩაგვრევს ამ საქმეში. ვთხოვთ ქართველებს _ შეურაცხყოფას ნუ გვაყენებენ.
რაც შეეხება დავით გარეჯს, სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ერთ-ერთმა ასურელმა მამამ დავითმა ააშენა, იყო ყველა ქრისტიანის სალოცავი ადგილი. იქ მიდიოდნენ სალოცავად, როგორც ქართველები, ასევე ალბანელები, რადგან მაშინ საზღვარი ასე არ იყო გავლებული. ასეა ახლა ქურმუხის წმინდა გიორგის სალოცავი. იქ ქრისტიანული წირვა-ლოცვა კი მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთი მუსულმანი ფეხშიშველი მიდის და ტაძრის კედლებზე, გარედან, სანთლებს ანთებს.
_ ანუ, თქვენ იმას ამბობთ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, როგორც ქართველებისაა, ისე არის ალბანელების შთამომავალი აზერბაიჯანელების?
_ დავით გარეჯი არის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური კულტურის ძეგლი, სალოცავი, რომელიც დღეს არის საქართველოს ტერიტორიაზე და არის ქართული ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი.
ჩვენ მომხრე ვართ, ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს და დამნაშავე თუ ვინმე არის ამ გაუგებრობაში, დაისაჯოს.
საერთოდ, დავით გარეჯი ყოველთვის იყო პოლიტიკური სპეკულაციის თემა.
არსებობენ ძალები, რომლებიც დღესაც დაინტერესებული არიან ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაფუჭების. ამიტომ მომხრე ვარ, ბოლოს და ბოლოს, გამოიძიოს პროკურატურამ და გაირკვეს ყველაფერი. განისაზღვროს მიჯნა, საზღვარი და დამთავრდეს გაურკვევლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში, რადგან ეს დიდ ზიანს აყენებს იმ მეგობრულ დამოკიდებულებას, რაც არის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ყველაზე მეტად ეს გვაწუხებს ჩვენ _ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ჩვენ მუდმივი შეურაცხყოფის ობიექტები ვხდებით.
_ გამოვიდეს აზერბაიჯანის ხელისუფლება და თქვას თავისი სიტყვა, აქ ხომ, ბოლო-ბოლო, აზერბაიჯანელები იჩაგრებიან, როგორც თქვენ ამბობთ, უსამართლოდ.
_ არ მოველით მათგან დაცვას. ჩვენ არასდროს ჩაგვითვლია ჩვენი თავი იმ სახელმწიფოს მოქალაქეებად. აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვითვალისწინებთ.
ვინც არ იცის, კარგად გაერკვიოს. ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ ვართ მუსულმანური სარწმუნოების ხალხი, არც ერთ ომში, რომელიც ჰქონდა საქართველოს მუსულმანური მტრის წინააღმდეგ, არ დავმდგარვართ მუსულმანების მხარეს. ჩემი ბევრი წინაპარი საქართველოს დაცვას შეეწირა და მეც ამას ვაპირებ, თუ საჭირო იქნა.
კიდევ ვიმეორებ: დავით გარეჯი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კულტურული ძეგლი, რომელიც არის შესული იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში. ამის მეტს მე ვერაფერს გეტყვით.
_ თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი ხართ, რამდენადაც ვიცი, 2011 წლიდან. ის წავიდა პოლიტიკიდან. რას იტყვით, ყველაფერი კარგად დატოვა საქართველოში?
_ 2006 წლიდან ვიყავი სამართლიანობის მომხრე და ვიბრძოდი იმის მიუხედავად, რომ უდიდეს მორალურ და ფსიქოლოგიურ წნეხებს გავდიოდით მეც და ჩემი ოჯახიც სააკაშვილის მხრიდან.
2007 წლის 2 ნოემბრიდან ვიდექი ქართველი ხალხის გვერდით და ყველა ქარტეხილი გავიარე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ანუ სააკაშვილის რეჟიმის დამხობამდე.
2011 წლიდან მე ვიყავი ბიძინა ივანიშვილის მომხრე. ვიყავი სათათბიროს წევრი, იმ 26 კაციდან, რომლებიც შემოიკრიბა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა. დღეს იმ 26-დან ბევრი მინისტრია, ან სხვა დიდი თანამდებობები უკავიათ.
მე გახლდით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრიც.
2015 წლის მერე პოლიტიკიდან დისტანცირებული ვარ, თუმცა ერთი დღე არ ვყოფილვარ ჩემი გუნდიდან წასული. დღემდე ერთგული ვარ „ქართული ოცნების“, რადგან ვარ ამ პარტიის დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილთან, სოზარ სუბართან და სხვებთან ერთად.
დღეს, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ქვას და კეტს გვიშენდნენ, გვაგინებდნენ და გვდევნიდნენ. ახლა ზოგი მათგანი პარლამენტარია, ზოგი _ სხვა თანამდებობებზე არის წამოსკუპებული, მაგრამ არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
ბიძინა ივანიშვილი, როცა პოლიტიკაში მოვიდა და ხალხს დაჰპირდა სტაბილურობას, მე მგონი, მე 9 წელიწადი მიდის, ერთი გოჯი მიწა არ დაკარგულა, ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, სოფლები, სადაც არ იყო გზა და ელექტროენერგია, არ იყო გაზი, დღეს გამშვენდა, განათდა, თითქმის ყველა მაღალმთიან სოფელს აქვს ბუნებრივი გაზი. ჯანდაცვის პროგრამები გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი სარგებლობს უფასო სამედიცინო მომსახურებით, შეღავათებით, სახელმწიფო დაზღვევით, კიბოს მკურნალობა დღეს უფასოა. ყოველივე ეს დამსახურებაა სწორედ იმ რეფორმების, რასაც დაჰპირდა ხალხს ბიძინა ივანიშვილი.
პოლიცია ხალხს არ სცემს, არ უდებს ჯიბეში ნარკოტიკს, არ აპატიმრებს უდანაშაულოდ. სასამართლო, რომელიც სააკაშვილის ხუშტურებზე დადიოდა, ასობით და ათასობით უდანაშაულოს ყრიდა საპატიმროებში, სავსე იყო ციხეები, მძიმე წნეხში იყვნენ, ასევე, ათასობით პრობაციონერი, 0,01% იყო გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, საპროცესო შეთანხმებებში 100 000 და მილიონები ირიცხებოდა გაჭირვებული მოსახლეობის ჯიბეებიდან. ქონებას და ბიზნესს რომ აყაჩაღებდნენ, დღეს ხომ არ არის ეს ამბავი?! ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს.
ამ ქვეყნისთვის აკეთებს ეს კაცი ყველაფერს. თუნდაც დენდროლოგიური პარკი, შავი ზღვის პლაზა, ქუთაისის უნივერსიტეტი, წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, რომელი ერთი ჩამოვთვალო? რელიგიური ძეგლების რესტავრაცია, სამების მონასტერი, ცოტა საქმეა ეს?
ავადსახდენებელი სააკაშვილის პერიოდში პოლიციას ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა, რომ ჩააცვა და ხელფასებს აძლევდა, ჩვენი ქვეყნისთვის არ აკეთებდა ამას? რატომ ვართ ასე უმადური, არ მესმის.
რაც მოვყევი, ზღვაში წვეთია, რაც ივანიშვილმა საქართველოს გაუკეთა. თუ ახლა განზე გადგა, თავისი მოვალეობა ქვეყნის წინაშე მას უკვე შესრულებული აქვს.
„ქართულ ოცნებაში“ არიან პორტირებულები, რომლებიც მუშაობენ მტრების სასარგებლოდ. წავიდა ბიძინა ივანიშვილი და დატოვა მოედანი _ თქვენ გაარკვიეთ, რა გსურთ, რა გინდათ, რომ გააკეთოთო.
_ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. იმსახურებენ ისინი ამას?
_ მათ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში. ისინი ვეღარ დაბრუნდებიან, რადგან ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად იცის, ვინ ვინ არის.
თუ მათ საქართველოსთვის სიკეთე უნდათ, მათმა ამომრჩეველმა მისცათ ხმა. 60 დეპუტატი ცოტა არ არის, შესულიყვნენ პარლამენტში და წარმოედგინათ ალტერნატიული ეკონომიკური პროექტები, სოციალური პროექტები, საერთაშორისო ინიციატივები, წამოაყენონ და იბრძოლონ მათი განხორციელებისთვის. შეწყვიტონ ქუჩაში ტერორი, ყვირილი და ბუნტი. დაიღალა ხალხი. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა ქვეყნის სასიკეთოდ. ეს რაც არის, რაც უნდათ მათ, ყველა ვხვდებით შესანიშნავად.
მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვთვლი, რომ უნდა შეიცვალოს ძალიან ბევრი კანონი. პირველ რიგში, პარლამენტის წევრი ვერ უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ქართული ენა არ იცის კარგად და მეორე, ნასამართლევებს უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ უნდა გველაპარაკებოდნენ ადამიანების უფლებებზე უგულავა, ბოკერია და სხვები. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ასევე, ცრუ, დაუდასტურებელი და ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებისთვის უნდა დაისაჯონ მასმედიის წარმომადგენლები და სამაუწყებლო კომპანიები.
_ ამ დღეებში ახალი პემიერი გვეყოლება. თქვენი აზრით, შეძლებს ირაკლი ღარიბაშვილი იმ პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრას, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა ზოგადად და კონკრეტულად, ოპოზიციის მხრიდან შექმნილ პრობლემებს მოაგვარებს?
_ მივესალმები მის დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლებაში. მისი პრემიერობის დროს საქართველომ ბევრ წარმატებას მიაღწია, თუნდაც პირადი ურთიერთობების დონეზე აშშ-ის დღევანდელ პრეზიდენტთან. შს მინისტრობის დროსაც ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა. გარკვეული ხანი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობდა და ყველამ ვნახეთ, რა გრანდიოზული პროექტები განახორციელა. ოპოზიცია რომ ამბობს, გაუნათლებელი თავდაცვის მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილიო, ერთი ჩამოთვალონ, მათი თავდაცვის მინისტრები რომელი იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილზე მეტად კომპეტენტურები _ კეზერაშვილი, ბარამიძე, შაშკინი, ლომაია, მერაბიშვილი თუ ვინ?!
მე, პირადად, დიდი იმედი მაქვს ირაკლი ღარიბაშვილის, რომ გააკეთებს ყველაფერს თავისი პრინციპულობით და ყველას მიუჩენს თავის ადგილს, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად.
ოპოზიციას რევოლუცია უნდა? _ ვერ ეღირსებიან!
ქართულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, ჭკვიანი, გონიერი ხალხი, ისეთები, როგორიცაა თქვენი რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა, რომლის ყველა პუბლიკაციას დიდი ყურადღებით ვკითხულობ, არიან სხვებიც, ჩემნაირად მოფიქრალი ბევრი სხვაც არის, ჩვენ არ დავუშვებთ კვლავ არეულობას და დესტაბილიზაციას.
ნაციონალები არიან დამნაშავე კრიმინალები, რომლებიც, ჩემი აზრით, ციხეში უნდა იჯდნენ. ხალხი ბევრს ითმენს და თუ მოთმინების ფიალა აივსო, ხალხი აღარ გაჩერდება.