ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიცია 2 მარტიდან სახელმწიფო უწყებების შენობების პიკეტირებას გეგმავს.
საპროტესტო ტალღის გეგმა დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წარადგინა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ უახლოესი დღეების საპროტესტო ტალღის გეგმა. დღევანდელი პროტესტის შემდეგ, ჩვენ 2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას, რათა ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ გამორჩეულ მსახურს, ღარიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის. 9 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რადგან ეს უწყება დღეს იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის ის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის სამსახური და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური. 11 მარტს ჩვენ ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის და უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების მთავარ სიმბოლოდ. 13 მარტს ამ აქციების ბოლოში ვიკრიბებით, კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით, ერთად, ბევრნი და რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.