ევროკავშირი “ვაქცინაციის პასპორტებს” ზაფხულამდე დანერგავს

ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სტანდარტიზირებული სერტიფიკატი ზაფხულამდე იქნება შემუშავებული.

როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 25 თებერვალს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა.

“პოლიტიკური ამოცანაა, რომ მოხდეს ამის მიღწევა უახლოეს თვეებში, ვისაუბრეთ სამ თვეზე. ველოდები, რომ ზაფხულისთვის ყველაფერი მზად იქნება”, – თქვა მან.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ერთობლივი მიდგომის შემუშავებას, სულ მცირე, სამი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ტექნიკურ სირთულეებს ასევე ემატება “ღია პოლიტიკური საკითხებიც”.

ევროკავშირის რიგი ქვეყანა, განსაკუთრებით – ისეთი ქვეყნები, რომელთა ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული, ვაქცინირებული ადამიანებისთვის მოგზაურობის თავისუფალი რეჟიმის შექმნას უჭერენ მხარს.

ბლოკში გამოკვეთილია ორი ბანაკი: მაგალითად, გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც არ ჩქარობენ, დაუკავშირონ ვაქცინაცია თავისუფალ გადაადგილებას; მაშინ, როდესაც საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი და სხვა “ტურისტული” ქვეყნები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის მომხრე არიან.

საბერძნეთმა ისრაელთან დადო შეთანხმება, რომლის მიხედვით ვაქცინირებულ ადამიანებს ორი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები