თბილისში საქართველოს ოკუპაციასთან მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელმა ისნის რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის წევრის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა. ეს ქუჩა ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული თეოფილე ჩოჩუას სახელს ატარებდა. ქუჩის გახსნას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე – თინათინ ნიბლოშვილი ისნის რაიონის მაჟორიტარ ლევან დავითაშვილსა და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. როგორც მიხეილ ამაშუკელმა განაცხადა, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, საბჭოთა რევოლუციონერების და ბოლშევიკების სახელობის ქუჩები იცვლება პირველი რესპუბლიკის მოღვაწეებისა და იმ გმირების სახელებით, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას თავი შესწირა.

„დღევანდელი დღე ყველაზე ტრაგიკულია საქართველოს უახლეს ისტორიაში. ზუსტად ასი წლის წინ, 25 თებერვალს, თბილისის თავზე წითელი დროშა აფრიალდა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას გმირმა იუნკერებმა და რიგითმა ქართველებმა სიცოცხლე შესწირეს. ოკუპაციიდან 100 წლისთავზე, ბოლშევიკების სახელობის ქუჩებს პირველი რესპუბლიკის მოღვაწეებისა და სამშობლოსთვის თავგანწირული გმირების სახელებით ვანაცვლებთ. ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავიხსენოთ და უკვდავყოთ გმირების სახელები, რომელთა დაწყებული ბრძოლაც დღემდე მიმდინარეობს, საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე”, –  განაცხადა სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ ამაშუკელმა. დღესვე, ნაძალადევის რაიონში იუნკერ პლატონ დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა, რომელიც სახელწოდების შეცვლამდე საბჭოთა რევოლუციონერ ექვთიმე სართანიას სახელს ატარებდა. ღონისძიებას ნაძალადევის მაჟორიტარი წევრი – დავით ჭელიძე დაესწრო. საქართველოს კომკავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორის, დავით კაჭარავას სახელობის ქუჩას კი იუნკერ ალექსანდრე ახვლედიანის სახელი ეწოდა. ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ავჭალის რკინიგზის სადგურს ქართველი სამხედრო მოღვაწის, 1918-1921 წწ. საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლების მეთაურის ვლადიმერ გოგუაძის სახელი მიენიჭა. ვლადიმერ გოგუაძის ხელმძღვანელობით, ქართველებმა ერთი საუკუნის წინ საოკუპაციო არმია ავჭალიდან უკან განდევნეს და ხსენებული რკინიგზის სადგური დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები