ამირან გამყრელიძე: კორონავირუსმა საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მაგრამ მათ ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია
“კორონავირუსმა საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მაგრამ მათ ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ახალი შტამის სამი შემთხვევაა დადასტურებული და გამოვლენილია მათთან კავშირში მყოფი 31 ადამიანი.
„მოგეხსენებათ, ამ ვირუსს, ისევე როგორც ყველა ვირუსს, ახასიათებს მუტაციები. ამ ერთი წლის განმავლობაში (ცოტა მეტი), რაც ვირუსი ცირკულირებს, საკმაოდ ბევრი მუტაცია განიცადა ვირუსმა, მაგრამ მათ ეპიდსიტუაციაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, მათ შორის, გაზაფხული-ზაფხულის მუტაციებს.
ამაზე ინტენსიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. ბრიტანული შტამი იქნა იდენტიფიცირებული. შემდეგ ამას მოჰყვა სამხრეთ აფრიკული, ბრაზიული შტამები. ამაში გასაკვირი არ არის, რადგან როგორც ჩვენ, საზოგადოება დღეს ვებრძვით ვირუსს, ისევე ვირუსი იბრძვის თავის გადასარჩენად და ეს მუტაციები ხდება. ბრიტანული მუტაცია არ არის დაკავშირებული სიმძიმესთან. ერთადერთი საუბარი იყო და არის ამის მონაცემები, რომ უფრო მეტად ვრცელდება, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში.
ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს მონიტორინგი, მათ შორის, ჩვენთანაც დეკემბრიდან დაიწყო. ამ ტიპის ცვლილებები პირველად დეკემბერში იქნა გამოვლენილი. ერთ შემთხვევაში იყო იმ ტიპის მუტაცია, რომელიც ახლოს იყო ბრიტანულ შტამთან. შემდეგ უფრო გაინტენსივდა კვლევები. ამ ტიპის ჩაღრმავებული კვლევა შესაძლებელია ლუგარის ცენტრში, სადაც არის გენუმის სეკვენირების შესაძლებლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.