ომბუდსმენი: უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტზე თავდასხმა
სახალხო დამცველის აპარატი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარი უკიდურესად შემაშფოთებელია.
”უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.
ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.
ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა”,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ. შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.