ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილი იყო 72 პროცენტამდე, ხოლო ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62 პროცენტზე

“პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილი იყო და შემოდგომასთან მიმართებაში 72 პროცენტამდე, ხოლო ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62 პროცენტზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

„100,000 მოსახლეზე გადათვლით ინციდენტობა 10-ჯერ არის შემცირებული, ხოლო სიკვდილიანობის პროცენტი კი 1,2-ზეა. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ყველა ის რეკომენდაცია აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.

ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით, პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილი იყო და შემოდგომასთან მიმართებაში 72 პროცენტამდე, ხოლო ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება 62 პროცენტზე, რაც ნიშანია, რომ რადგან ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია მიმდინარეობს, კვლავ ვქმნით იმის ილუზიას ქვეყანაში, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, არადა 400 ყოველდღიური შემთხვევა საქართველოსთვის ცოტა არ არის, რა თქმა უნდა ეს 10-ჯერ ნაკლებია ვიდრე შემოდგომის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში იყო, მაგრამ მაინც საყურადღებოა.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მარტსა და აპრილში ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ დღეს არსებულ ფარგლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები