ირაკლი ღარიბაშვილი ეგმონტის სამეფო ინსტიტუტში მოხსენებით გამოვიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეგმონტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამოვიდა მოხსენებით – “საქართველო და ევროკავშირი: ვილნიუსიდან რიგამდე – პრიორიტეტები და გამოწვევები.”
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ეგმონტის სამეფო ინსტიტუტს მოწვევისთვის და დამსწრეებს საქართველოს მთავრობის ევროინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო.
მან ყურადღება გაამახვილა ვილნიუსის სამიტის შემდგომ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს მოლოდინებზე 2015 წლის „აღმოსავლეთპარტნიორობის“ რიგის სამიტისთვის.
პრემიერ-მინისტრმა 2013 წელს გამორჩეული უწოდა მნიშვნელოვანი მოვლენებისა თუ წარმატების თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა ექვს მთავარ მიღწევას ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. კერძოდ, ისაუბრა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა როგორც ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი; საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რამაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის ძალთა ბალანსის დემოკრატიული სისტემა შექმნა; ხელისუფლების ძალისხმევაზე თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად; ქართული მედიის პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებაზე; ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე; საკუთრების უფლების დაცვასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ და ქართველი ხალხის ევროპისკენ სწრაფვამ შესაძლებელი გახადა, რომ 2013 წელი  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში გამორჩეულად წარმატებული ყოფილიყო. პრემიერმა ისაუბრა ვილნიუსის სამიტზე გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესის თანმდევ გამოწვევებზე.
სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას. მისი თქმით, საქართველო ცდილობს შეამციროს დაძაბულობა რუსეთთან ურთიერთობებში და თანამიმდევრულია ამ ძალისხმევაში.
“მიუხედავად ჩვენი მთავრობის აღნიშნული მცდელობებისა, მოსკოვი მაინც აგრძელებს პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებს საუკუპაციო ხაზის გასწვრივ მავრთულხლართების და ღობეების აღმართვის გზით… ამ კონტექსტში, მსურს განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ევროკავშირის გადამწყვეტ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით, მის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები