პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძე წარადგინა.
ვინ არიან და რას საქმიანობდნენ მინისტრობის კანდიდატები დღემდე.
ჯუანშერ ბურჭულაძე 2015-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, 2010 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ფინანსურ მენეჯერად; 2007 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, სამი წლის განმავლობაში „კორ სტანდარტ ბანკის“ საბურთალოს ფილიალის მმართველად და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის განყოფილების მმართველად; 2004-2005 წლებში კი, „ქართუ ბანკის“ პლასტიკური ბარათების მომსახურებისა და დამუშავების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი იყო. სხვადასხვა დროს ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სალიკვიდაციო კომისიის ეკონომისტი, შპს „ლუქსის“ ფინანსური მენეჯერი, 1998 -1999 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის სტაჟიორი.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძეს განათლება საქართველოს ჰუმანიტარულ – ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო – საფინანსო ფაკულტეტზე აქვს მიღებული (1998). ჰყავს მეუღლე და რვა შვილი.
რაც შეეხება დასახელებულ მეორე კანდიდატს, ირაკლი ქარსელაძე ამ დრომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ქარსელაძე ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.
სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ქარსელაძეს გააჩნია, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. საჯარო სამსახურში გადასვლამდე, სხვადასხვა დროს, კერძო სექტორში მუშაობდა: „დიპლომატ ჯორჯია“-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის, სს „საქართველოს ლატარიის კომპანია“, – ში შესყიდვების, ლოჯისტიკისა და ადმინისტრაციის დირექტორის, სს „ლომისი“- ლუდსახარშ ნატახტრში ლოჯისტიკისა და შესყიდვების დირექტორის და სს „ქართუ ჯგუფი“ -ში საერთაშორისო შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებზე. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის საჰაერო და საზღვაო პორტების პროექტის ექსპერტად, სამხრეთ კავკასიის ანტი-ნარკოტიკულ პროგრამაში.
2012 წლიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში იკავებდა ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდანტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.