გივი მიქანაძე: ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი არ აქვს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებულია.
მისივე თქმით, ოპოზიცია გაკოტრებულია და ახლა ცდილობს, ფონი შექმნას იმისა, რომ თითქოს ხელახალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია.
“ის პოზიციები, რაც ჟღერდება ვადამდელი არჩევნების, ახალი არჩევნების დანიშვნაზე, არის სრულიად უსაფუძვლო და არგუმენტს მოკლებული. გუშინ პარლამენტში მიღებული იქნა დადგენილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, მოვიდნენ პარლამენტში, წარადგინონ მტკიცებულებები და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ვადამდელ არჩევნებს არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი არ აქვს. ოპოზიცია მთლიანად გაკოტრებულია და ახლა ცდილობს, რაღაც ფონი შექმნას იმისა, რომ თითქოს ეს შესაძლებელი იქნება. ეს არჩევნები სამართლიანად იყო ჩატარებული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.