არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, ეს ყველაფერი რევოლუციური სცენარია.
,,ამ ვითარებას მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არაა, იურისტი იყო, რომ მიხვდე, რაღაც ხდება ისეთი, რაც კითხვებს ბადებს. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ პირველ სასამართლოს, რომელზეც განიხილებოდა, იყო თუ არა მისი შტუმრში მონაწილეობა რეალური. აი, ამ საკითხს სანამ გადაწყვეტს, შესთავაზეს გირაოს გადახდა და სამაჯურის გაკეთება. ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს, მე არ ვარ პროკურატურა, ვერ შევაფასებ, მაგრამ რაც მოეთხოვებოდა, ეს იყო სასამართლომდე სამაჯურის ტარება, რაც ერთადერთი პირობა იყო, რომელიც უნდა შეესრულებინა. როცა ასეთ ვითარებაში, ამბობ, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, მოდი და შემიფარდეთ სხვა ღონისძიება, მიუხედავად ამისა, მოითხოვეს გირაოს გადახდა. არც ამაზე წავიდა, ამიტომაც ჩნდება ეჭვი, ეს იყო გამიზნული ქმედება, რომ როგორმე პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, რომელიც უარს ამბობს, რომ საგამოძიებო კომისას სათავეში, სხვა არაფერი რჩება პასუხად, ეს ყველაფერი რევოლუციური სცენარია,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.