დავით კაჭარავა: თქვენ თუ იქნებით ამ კომისიაში, დარწმუნებული იქნებით სიმართლეში და გეცოდინებათ, როგორ ჩატარდა ეს არჩევნები
„მე მინდა, მივმართო ბატონ ლევანსა და ბატონ ალეკოს და დავარწმუნო, რომ ამ კომისიის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის სამართლიანობისა და სიმართლის საკითხი და, როგორც ვიცით, ამ კომისიას ძალიან დიდი უფლებები ექნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით კაჭარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დავით კაჭარავამ ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს მიმართა, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.
„როდესაც ეს კომისია მუშაობას დაამთავრებს, თქვენ თუ იქნებით ამ კომისიაში და ბოლომდე ჩაყვებით ყველა საკითხს, თქვენ, რაც არ უნდა განცხადება გააკეთოთ, გასაგებია, ამ სამუშაოების მერე, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარეთ არის დარჩენილი, თავისებურ კუდებს მოაბამს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს სიმართლე თქვენთვის გეცოდინებათ, თქვენთვის, თქვენს თავში, დარწმუნებული იქნებით ამ სიმართლეში და როგორ ჩატარდა ეს არჩევნები, ბოლომდე, ძირეულად გეცოდინებათ. აქედან გამომდინარე, თქვენ იმოქმედებთ სწორი მიმართულებით და ჩვენი ურთიერთობებიც ვფიქრობ, სხვანაირად დალაგდება”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.