პროკურორი – მელიას საქმეზე: ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონთან
”სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ გამოყენებულ იქნას პატიმრობა”, – ამის შესახებ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონთან.
“დღეს, 16:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილება შუამდგომლობა, სასამართლო მხარეების პოზიციას მოისმენს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი და გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. გირაოს არგადახდა, გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია და სისხლის სამართლებრივ სივრცეში, სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ გამოყენებულ იქნას პატიმრობა”, – აღნიშნა პროკურორმა.