„შეიძლება, აქციები ჩატარდეს, მაგრამ იმ მასშტაბის არ იქნება, რომ საქართველოში ძირეული რყევები გამოწვიოს“ – ლევან ნიკოლეიშვილი

“შეიძლება, აქციები ჩატარდეს, მაგრამ ეს იმ მასშტაბის არ იქნება, რომ საქართველოში ძირეული ცვლილებები, ან რყევები გამოწვიოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„მთავარი ე.წ. ოპოზიციური ძალა მაინც არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა, რისი ერთერთი დადასტურებაც NDI-ის ბოლო კვლევებია. ამის მიზეზია ის, რაც ბოლო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა. ვგულისხმობ იმას, რომ პარტიამ უბრალოდ უარი თქვა კანონშემოქმედებით მუშაობაზე. ამას ხალხი კარგად უყურებს. პარტიის მომხრეებში გულგატეხილობა იმან გამოუწვია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, მაგრამ უარი არ უთქვამს იმუნიტეტზე, ხელფასებზე, დაფინანსებაზე. ადამიანებში ეს როგორ აღიქმება? – რისთვის მოგეცით ხმაო, ფიქრობენ.
ასევე, ვხედავთ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს: პოლიტიკოსები უკვე ცალკეულ პარტიებს ტოვებენ, ჯერ გრიოგოლ ვაშაძის მაგალითი იყო, შემდეგ ვხედავთ „ევროპულ საქართველოში“ როგორი დაპირისპირებაა ბოკერიას, უგულავასა და ბაქრაძეს შორის. ეს ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული გეგმა. ამით ყველაზე მეტად პატარა პოლიტიკური პარტიები დაზარალდნენ იქედან გამომდინარე, რომ ის თამაში ითამაშეს, რაც ყველაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა. მე ნამდვილად არ ველი რევოლუციურ გადატრიალებას. შეიძლება, აქციები ჩატარდეს, მაგრამ ეს არ იქნება იმ მასშტაბის, რომ საქართველოში ძირეული ცვლილებები ან რყევები გამოწვიოს, თუმცა, პროვოკაციულ ქმედებებს ყოველთვის უნდა ველოდოთ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ნიკოლეიშვილი მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერდათ.

„თუ დავაკვირდებით სურათს, რეალურად, ერთპარტიული პარლამენტი ნამდვილად არ გვაქვს. იქ, „ქართული ოცნების“ გარდა, კიდევ ორი პარტიაა წარმოდგენილი: „ ევროპული სოციალისტები“ და „მოქალაქეები“. მაქვს მოლოდინი, რომ მათ სხვა პარტიებიც შეიძლება, შეუერთდნენ. ძალიან საინტერესო პორცესები მიდის ამ მიმართულებით.
„ქართული ოცნების“ ნაბიჯი, რომ ოპოზიციისთვის პარლამენტის კარი არ დახურა, არის კიდევ ერთხელ ერთგვარი კეთილი ნების გამოხატვა იმისათვის, რომ მოუწოდებს ამ ადამიანებს, შევიდნენ პარლამენტში, მეორე მხრივ, პატივს სცემს მათ ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები