„ნიკა მელია რასაც აკეთებს, ეს პოლიტიკური თამაშისა და სპეკულაციის გამოვლინებაა“ – ლევან ნიკოლეიშვილი

“ნიკა მელია რასაც აკეთებს, ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშისა და პოლიტიკური სპეკულაციის სერიოზული გამოვლინებაა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.

„საქართველოში უნდა დადგეს დრო, როცა სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრებას ყველა შეეჩვევა. კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, ვინ რა საქმიანობას ეწევა. პოლიტიკოსებს კანონთან მიმართებით განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ და გასაგებიც არის მათი გეგმები, მაინც უნდა გავიაზროთ უბრალო ჭეშმარიტება: ყველა პოლიტიკოსი, პოლიტიკური პარტია, თუ სუბიექტი მაინც ფიქრობს იმას, რომ მომავალში ოდესმე ხელისუფლებაში მოვა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ფიქრობენ, თავიდანვე იძლევიან მაგალითს, თუ როგორ დაარღვიონ კანონი.
ნიკა მელია რასაც აკეთებს ამ შემთხვევაში, ეს ერთგვარი პოლიტიკური თამაშისა და პოლიტიკური სპეკულაციის სერიოზული გამოვლინებაა. „პოლიტიკური ვაჟკაცობა“ აბსოლუტურად დამსხვრეულია მისი ქმედებებიდან გამომდინარე, პირველი – მან ერთხელ უკვე გადაიხადა გირაო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეორე – როცა შენ ნახევარად აღიარებ, შემდეგ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ათას რაღაცას იგონებ იმისთვის, რომ გირაო არ გადაიხადო, რა თქმა უნდა, აქ პოლიტიკურ სპეკულაციასთან გვაქვს საქმე.

ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ ასევე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის არასახელმწიფორებრივ მიდგომას ვხედავთ. ისინი ამბობენ, მელიას არ გავატანთ, არ დავაჭერინებთ, წინააღმდეგობას გავუწევთ პოლიციასო. ეს მეორე გაუგონარი რამაა. ეს ერთი დიდი სცენარის ნაწილია. თუ დავაკვირდებით, თავად მელიას ციხეში წასვლა არ უნდა, მიუხედავად მისი განცხადებებისა. ის არ არის განწყობილი ამისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ოფისში დარჩებოდა, არავის ამოეფარებოდა. მისი დაჭერა აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელს აწყობს, ვინაიდან მელია იქნება ციხეში და დანარჩენებს ექნებათ იმის სათქმელი, რომ პოლიტიკური პატიმარი გაჩნდა. აქ ვსვამ ერთ მარტივ კითხვას: თუ გვინდა, განვვითარდეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, დასავლეთის გზით ვიაროთ და ა.შ. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსს ან ვინმეს კანონის დარღვევას პატიობენ. კანონი ყველასთან მიმართებით უნდა მოქმედებდეს.

თუკი მელიას მიაჩნია, რომ ის მართალია, მან ადვოკატებთან ერთად თავისი უფლებების დაცვა სასამართლოში უნდა შეძლოს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 16:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს გადასინჯვაზე იმსჯელებს. გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.
პროკურატურამ მელიას მიმართ პატიმრობის შუამდგომლობის დაყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიტიკოსმა სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი გუშინ შეუჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები