ლევან იოსელიანი: ჩათვალეთ, რომ გირაოს გადაუხდელობა არის ნიკა მელიას პროტესტის ფორმა
“ჩათვალეთ, რომ გირაოს არგადახდა არის ამ შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით ამ იმუნიტეტს?”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ნიკა მელია საპატიმროში მოხვდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია სწორი წარმოდგენა გვქონდეს, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა ნიკა მელიას მიმართ, ვაძლევთ თანხმობას, რომ მას მოვუხსნათ იმუნიტეტი. ამ საკითხს აქვს ჩემი აზრით ორი ასპექტი – სამართლებრივი და პოლიტიკური. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, მე დღეს დავუსვი პროკურატურის წარმომადგენელს კითხვა – გირაოს არგადახდა არის თუ არა დანაშაული და მითხრეს, რომ როგორც იურისტს, უნდა ვიცოდე, რომ ეს არ არის ცალკე აღებული დანაშაული. კი, გირაოს არგადახდა არ არის დანაშაული და გირაოს არგადახდის გამო, პარლამენტმა არ უნდა გასცეს თანხმობა იმაზე, რომ ადამიანი მოხვდეს საპატიმროში. იმუნიტეტის არსი არის ის, რომ დაცული იყოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური რისკი, რასაც ჩვენ, პოლიტიკოსები ავიღებთ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩათვალეთ, რომ ეს გირაოს არგადახდა არის ამ შემთხვევაში ნიკა მელიას პოლიტიკური პროტესტის ფორმა და თუ პოლიტიკური პროტესტის ფორმა არის დაცული იმუნიტეტით, მაშინ რატომ უხსნით ამ იმუნიტეტს? იმ პირობებში, როდესაც ორი წლის მანძილზე არ გვქონია შემთხვევა, რომ ამ ადამიანს მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა, ან მტკიცებულებების განადგურებას ეცადა, ან შეეცადა მიმალვას. ანუ წინაპირობა არ არსებობს იმის, რომ სასამართლოს პატიმრობა გამოეყენებინა, სასამართლომ ამაზე თავის დროზე უარი თქვა. ჩვენ რატომ ვქმნით ამ წინაპირობას და რატომ ვაძლევთ მწვანე შუქს იმას, რომ ეს ადამიანი მოხვდეს საპატიმროში? პარლამენტი ხომ არ შეიძლება იყოს პროკურატურის გაგრძელება. პარლამენტს ინსტიტუციურად ხომ შეუძლია ამ ყველაფერზე თქვას არა და დაელოდოს არსებითად იმ საქმის განხილვას, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს“, – განაცხადა იოსელიანმა.