რა შემთხვევაში გადავლენ სკოლები კვლავ დისტანციურ სწავლებაზე – მინისტრის მოადგილის განმარტება

“თუ ვირუსი დაფიქსირდება სკოლაში, დაუყოვნებლივ ეს ინფორმაცია ეცნობება ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებს, გადაწყვეტილებას, კონკრეტული სასწავლო ოთახი ან მთლიანად სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, იღებს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი”, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით არჩევანის უფლება გამოიყენა.

„სასწავლო პროცესის მართვა ხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საკოორდინაციო საბჭოზე ხდება საკითხების განხილვა. ერთი სცენარი, ვთქვათ, რომ სკოლაში ვირუსი დაფიქსირდა, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან შეზღუდვებს. მაგალითად, სოფლად, მუნიციპალიტეტში, როცა საკლასო ოთახში მიდიოდა სასწავლო პროცესი, მართლა ხელით ვმართავდით სკოლას, თითოეულ საკლასო ოთახს. თუ ვირუსი დაფიქსირდებოდა სკოლაში, ეს იქნებოდა მოსწავლე თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ტექნიკური პერსონალი ან მათი ოჯახის წევრები, დაუყოვნებლივ ეს ინფორმაცია ეცნობება ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებს. გადაწყვეტილებას, კონკრეტული სასწავლო ოთახი ან მთლიანად სკოლა გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე იღებს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი.

მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, სკოლაში გაუშვებს თუ დისტანციურ სწავლებაზე დატოვებს ბავშვს. თუ კლასის მოსწავლეების მშობლების 60% ხედავს რისკებს, ეს დაშვებაცაა, რომ კლასი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება“, – განაცხადა დგებუაძემ.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით სწავლა ყველა სკოლაში დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები