მიხეილ სააკაშვილი: ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება არ უნდა დაუშვას.

მისივე შეფასებით, ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

“ეს არის უსამართლობის და პოლიტიკური დევნის გამოვლინება. ამ შემთხვევაში, ნიკა მელია არის სიმბოლო იმისა, რაც ხდება საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქის მიმართ. მოსამართლეთა მთელი ჯგუფი გადაქცეულია ჩვეულებრივ კლანად, მე ახლა ამ მასალებს ვსწავლობ. ჩვენ ვიცით 4-5 გვარი, სინამდვილეში 90 თუ 100 ადამიანი არის ჩვეულებრივი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, ესენი არიან ერთმანეთის ახლობლები და ივანიშვილის ხელფასს კონვერტებში იღებენ. მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს ვსწავლობ. ამ მოსამართლის მანტიაში გახვეული სისხლის სამართლის დამნაშავეების ნებისმიერი მითითებების შესრულება არის არასწორი, თუ ჩვენ გვინდა საქართველოს კანონის უზენაესობა ჰქონდეს, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები, ის რასაც აკეთებს ნიკა მელია არის ზუსტად ის, რაც არის გასაკეთებელი. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას ნიკა მელიას დაპატიმრება. ვფიქრობ, ქართველი ხალხი მონახავს გზას, ორგანიზებულად, მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ არ დაუშვას ძალადობის გაგრძელება. ქართული საზოგადოება არის ღირსებით აღსავსე. ნიკა მელია გმირულად იქცევა, მაგრამ ახლა თითოეული ქართველი უნდა გახდეს ლიდერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ცდიან მელიას დაჭერას, უი მაგათ პატრონს და თუ ვერ დაიჭერენ, ვაი მაგათ. ასეთ დღეში არიან. ეგენი თვითონ რომ არიან მხდალები, აქედანაც გადაწყვიტეს, რომ მხდალები არიან. საქართველო ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს ბრძოლა საქართველოს მტრებთან. ეს არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სადაც საბოლოო ჯამში, სინათლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის,  ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის. “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები