შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ჰქვია საქართველო და ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე
“სამშაბათს, პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ჰქვია საქართველო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია.
„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით, ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის. “გითხარით – არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. როგორც ხედავთ, არ გადავიხადე. არადა, მთელი კვირა დაზუთხულს იმეორებდით რომ გადავიხდიდი. რაც ვთქვი, შევასრულე – გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ – ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით”,- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.