ზაზა გახელაძის უკანონო გასამართლება – რა არის კრემლის მთავარი მიზანი
„იმედს არ კარგავსო – მე მაინც დავბრუნდები, ბოლო სიტყვა ეს იყოო“, – ამბობდა ქართულ მედიასთან ირმა ბუთხუზი. ის იმ ადამიანის მეუღლეა, რომელსაც ოკუპანტებმა 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს. ეს ადამიანი ზაზა გახელაძეა, მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენა – “სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა” და “სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა”. გახელაძე კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. ის ქართულ მიწაზე, სხვილოს ციხის მიმდებარედ დაჭრისა და შემდეგ გატაცების შემდეგ რუსული კოდექსით „გაასამართლეს“, რადგან „დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს“ ერთადერთი მეგობარი, კრემლი საკუთარი სამართალწარმოების შექმნის უფლებასაც კი არ აძლევს. სამაგიეროდ, უფლებას აძლევს, თავისი ჯარისკაცები ქართველების გასატაცებლად გამოიყენოს და თან უქმნის ილუზიას იმისა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა. არა და, კრემლის მთავარი მიზანი არა არსებული კონფლიქტის მოგვარება, ოკუპირებული რეგიონების გაძლიერება და კეთილდღეობაა, არამედ, უბრალოდ, საქართველოსა და მისი მოქალაქეების დასჯა. თან დასჯა ისე, რომ ხელები „არ დაისვაროს“. აკი, მოსკოვი ყველანაირად შეეცადა, სტრასბურგში დაემტკიცებინა, რომ ოკუპირებულ ცხინვალზე არანაირ ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებს. შეეცადა, არ გამოუვიდა – ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო სიცრუეს კარგად მიუხვდა, ის საპირისპირო მტკიცებულებებიც, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდა წარდგენილი, აბსოლუტურად სარწმუნო აღმოჩნდა. ალბათ, „სამხრეთ ოსეთელებს“ ეს მცდელობა არ ესიამოვნათ კიდეც, რადგან გამოდის, რომ პუტინს სულაც არ სურს, ერთობლივ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. რა თქმა უნდა, ურჩევნია, ანწუხელიძის, ტატუნაშვილის, ბაშარულისა და უამრავი სხვა ადამიანის დაღუპვაზე თუ უკანონო გატაცებაზე პასუხი არა მისმა მთავრობამ, არამედ მარიონეტულმა რეჟიმმა აგოს.
ამ ეტაპზე, კრემლს თითქოს თავი აქვს მიწაში ჩარგული – ერთი უღიმღამო სირაქლემასავით ან სახეზე ხელებს იფარებს და ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ ხედავს, არავის არ ესმის, ვერ ამჩნევენ. არა და, მსოფლიო ზაზა გახელაძის განთავისუფლებას „სამხრეთ ოსეთს“ კი არა, მას მოუწოდებს, რადგან სრულ კონტროლს ამ გაუგებარ წარმონაქმნში სწორედ რუსეთი ფლობს.
ოკუპირებული ცხინვალის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო გასამართლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში, ლატვიის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, სხვადასხვა საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაგმეს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს სწორედ რუსეთის, როგორც ცხინვალის რეგიონზე „კონტროლის“ განმახორციელებელი ქვეყნის პასუხისმგებლობას. ეს არის ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რომ კრემლის მიერ შერჩეული უღიმღამო სირაქლემას პოზიცია საერთოდ არ მუშაობს.
გახელაძის განაჩენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა. „ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აღნიშნა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადება გაიზიარა ესტონეთის საგარეო უწყებამაც და, რა თქმა უნდა, კრემლს სტრასბურგის გადაწყვეტილება შეახსენა. გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს საელჩომ და აღნიშნა, რომ „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება“.
და რამდენიც უნდა იძახოს ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა, რომ რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ და უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძეს „ცხინვალის სასამართლომ“ “ყველაზე მსუბუქი სასჯელი” დააკისრა, არანაირი „ცხინვალის სასამართლო“ არ არსებობს. არსებობს კრემლი, რომელიც აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამგვარად, ის ცდილობს, მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს, შექმნას ნიჰილისტური განწყობები – ჰიბრიდული ომის ყველა იარაღს იყენებს ჩვენი თითოეული მოქალაქისა და ჩვენი ცნობიერების წინააღმდეგ. თუმცა, ერთობლივი ძალებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რომელიც აუცილებლად უფრო და უფრო გააქტიურდება, ზაზა გახელაძის იმედი აუცილებლად გამართლდება, რადგან ამ ომში სიმართლე ერთადერთია.
შორენა საღარაძე