სოხუმში გახსნილ, პუტინის მხარდამჭერ შტაბს ბერძნული თემიც შეუერთდა

სოხუმში პირველ თებერვალს დაფუძნებულ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ შტაბს ოკუპირებული აფხაზეთის ბერძნული თემიც შეუერთდა.

ამის შესახებ ე.წ. შტაბის პრესსამსახურში განაცხადეს.

როგორც საბერძნეთის კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრის “ირინის” ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, მარინა ქიშმარიამ განაცხადა, “ჩვენი მხრიდან შტაბის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ და მას დავეხმარებით”. მან ასევე პუტინს მადლობა გადაუხადა ხალხზე ზრუნვისთვის და მას ცენტრის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

პირველ თებერვალს პუტინის მხარდამჭერი შტაბი ექვსმა ე.წ. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დააფუძნა, რომელშიც შევიდნენ: “აფხაზეთის რუსული თემი”, “აფხაზეთის კაზაკთა შავი ზღვის არმია”, “აფხაზეთის კაზაკთა და კაზაკ -ვეტერანთა კავშირი”, “აფხაზეთის, დონეცკის, ლუგანსკისა და რუსეთის ურთიერთგანვითარების ფონდი “სამშობლო”, “აფხაზეთში რუსი თანამემამულეების ეკონომიკური მხარდაჭერის ასოციაცია” და “აფხაზეთის კაზაკთა თემი”.

შტაბის მონაწილეთა აზრით, “შექმნილი საერთაშორისო ვითარება, ასევე, რუსეთის შიდა საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევა, ასევე ალექსი ნავალნის მიმართ ღია მხარდაჭერა, რომელიც რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების არევას ემსახურება, ავალდებულებს აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეებს და თანამემამულეებს იყვნენ ერთნი და კონსოლიდირებულები”.

შტაბს 10 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური თემიც შეუერთდა. როგორც სომხური თემის ხელმძღვანელმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა განაცხადა, “აფხაზეთისთვის რუსეთი მეზობელიც და სტრატეგიული პარტნიორია და ორი ქვეყნის მოსახლეობას მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები