ბექა ოდიშარია ლაშა ჟვანიას შეხვდა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელში ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დახმარების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ისრაელში საქართველოს ყველაზე ძველი დიასპორა ჰყავს, რომელიც 15 საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, ისრაელში ქართულ დიასპორას საქართველოდან წასული ქართველი ებრაელებიც ეხმარებიან და ერთობლივ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც აწყობენ. ბექა ოდიშარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ის ერთობა, რომელიც ქართველ და ებრაელს ხალხს საქართველოში აკავშირებდათ, ახლაც გრძელდება ისრაელის სახელმწიფოში და მოძმე ერები კვლავაც ახერხებენ ერთმანეთის მხარდაჭერას.
შეხვედრაზე დიასპორულ სახლების გაძლიერების საკითხებიც განიხილეს და ერთობლივი პროექტების მომზადების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.