დიმიტრი ხუნდაძე: კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ პარლამენტში შემოსვლის სურვილი გაუჩნდათ, მაგრამ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის

“კარგია, თუ „რესპუბლიკელებს“ უკვე გაუჩნდათ სურვილი, პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი ერთჯერადი გამოყენების არ არის”, – ასე გამოეხმაურა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებას.

ხუნდაძის თქმით, საარჩევნო სისტემის გარდა, ქვეყნის წინაშე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დგას.

„თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და ბედი და არა საკითხი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევები. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის „ქართული ოცნება“ მზად არის, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება მათთან ერთად იქნება განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, სხვა ბევრი საკითხია, რომელიც ერთობლივად უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა, მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები