რუსეთის საელჩო მოუწოდებს აშშ-ს, შავ ზღვაში “იარაღის ჟღარუნს” შეეშვას
აშშ-ში რუსეთის საელჩო მოუწოდებს ვაშინგტონს, შავ ზღვაში “იარაღის ჟღარუნი” შეწყვიტოს და დაკავდეს საკუთარი საქმეებით შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებში.
შესაბამისი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის Twitter-ის გვერდზე, შავ ზღვაში თურქეთ-ამერიკულ სწავლებებთან დაკავშირებით, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაკეთდა.
“მოვუწოდებთ ამერიკელ სამხედროებს, შეწყვიტონ იარაღის უგუნური ჟღარუნი და საკუთარი საქმეებით დაკავდნენ შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიურ მისიაში ასევე ივარაუდეს, რომ აშშ-ის ფლოტს “ერთი სული აქვს, შავ ზღვაში მტერი იპოვოს”.
“სასოწარკვეთით ეძებენ საბაბს – ახლა უკვე ღიად, სამხედრო სწავლებების დროშის ქვეშ, რომ რეგიონში საკუთარი ყოფნა გააძლიერონ”, – ნათქვამია განცხადებაში.
იანვრის ბოლოს შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემები “დონალდ კუკი” და “პორტერი” შევიდნენ. თითქმის 17 დღის განმავლობაში ისინი ნატო-ელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ.
10 თებერვალს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების გემებმა შავი ზღვის აკვატორია დატოვეს.