სოხუმმა მოსკოვს სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნა ოფიციალურად შესთავაზა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას მიმართა განცხადებით, რომ ე.წ. რესპუბლიკა მზად არის, მიიღოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობა ე.წ. რესპუბლიკის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნაში.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ე.წ.პარლამენტის საერთაშორისო, პარლამენტთაშორისი კავშირების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასტამურ ლოგუამ განუცხადა.
“ინიციატივით ჩვენი კომიტეტი გამოვიდა. გამომდინარე იქედან, რომ ვხედავთ რა ხდება რეგიონში, ასევე, კონფლიქტი, რომელსაც ადგილი მთიან ყარაბაღში ჰქონდა, მივესალმებით, რომ ხდება სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა”, – თქვა მან.
მისი თქმით, “აფხაზეთში ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მზად არიან, თანასწორუფლებიან საფუძველზე მიიღონ მონაწილეობა მსხვილ რეგიონულ პროექტებში”.
“გამომდინარე იქედან, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რეგიონის ქვეყნები სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ, აფხაზეთი უმოქმედოდ არ უნდა იყოს. აფხაზეთი უნდა გაიხსნას, შესაბამისად, ვაწარმოებთ სამუშაოს, რომელსაც ჩვენი კოლეგები მხარს უჭერენ პარლამენტში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ იმას, რომ აფხაზეთი, თანასწორუფლებიან საფუძველზე პროექტებში ჩაერთვება”, – თქვა მან.
ლოგუას თქმით, 4 თებერვალს ე.წ. პარლამენტში მოსმენები გაიმართა, თუ როგორ შეიძლება, იყოს მიღწეული საკითხის რეალიზება.
“კარგია, როცა რეგიონის ნაწილი გაიხსნება, მაგრამ უკეთესი იქნება, რომ მთელი რეგიონი გაიხსნას. XXI საუკუნეში იზოლაციის პოლიტიკა უნდა დასრულდეს, მოხდეს თანამედროვე რეალობის აღიარება და ნორმალური ურთიერთობების აშენება”, – აღნიშნა ასტამურ ლოგუამ.