რუსი პოლიციელები აქციაზე 21 წლის დაკავებულ გოგონას პოლიეთილენის პარკით გუდავდნენ  

14 თებერვალს პუტინის პირად პატიმარს, ალექსეი ნავალნის მომხრეები  მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. ნავალნის შტაბის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვი საპროტესტო აქციის „განსხვავებული სცენარს“ აანონსებს. რუსეთის დიდ ქალაქებში საღამოს ეზოებში ფარნებს გაანათებენ, შემდეგ კი ფოტოებს სოციალურ ქსელში გააზიარებენ.  „თქვენ შეიძლება, იფიქროთ, რომ ეს 15 წუთი არაფერს შეცვლის, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ეს 15 წუთი ცვლის ყველაფერს”, – ამბობს ვოლკოვი.

ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთში 23 და 31 იანვარს უკვე გაიმართა. პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობა ფსევდო სასამართლო სხდომის დღეს, 2 თებერვალსაც გააპროტესტეს. დაფიქსირდა აქციებზე დაკავებულების რეკორდული რიცხვი. „ოვდ-ინფოს“ ინფორმაციით,  ჯამურად, 11 ათასამდე ადამიანი დაიჭირეს. ასობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციელებმა მოქალაქეებზე ელექტროშოკების, ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით იძალადეს. ვიდეოც გავრცელდა, სადაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი მომიტინგეს ცეცხლსასროლ იარაღს უმიზნებდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს გაუჭირდა იმის ახსნა,  ჩაითვლება თუ არა 14 თებერვალს დაგეგმილი აქცია არასანქცირებულად. „კატათაგვობანას თამაშს არავისთან ვაპირებთ. ახლა მიჭირს პასუხის გაცემა იმის შესახებ, ითვლება თუ არა ლეონიდ ვოლკოვის მოწოდება კანონდარღვევად. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები  მოვლენების განვითარებას დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს  ყველა აგებს“, – თქვა პესკოვმა.

რა ირონიულია,  როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთისკენაა მიპყრობილი, როცა ყველამ ვიხილეთ ძალოვანების მიერ სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები და ვიდეოები, კრემლს ჰყოფნის უტიფრობა, რომ მშვიდობიან  მოქალაქეებს „კანონის“ დაცვისკენ მოუწოდოს.

2 თებერვლის აქციაზე დაკავებული ალიონა და ალექსანდრა კიტაევების ისტორიას მოგიყვებით. ალიონა 21 წლის არის, მისი და – ალექსანდრა კი – 19-ის. ორივე მოსკოვში დაიჭირეს, ერთ დღეს.

„მობილური ტელეფონის დაბრუნებაზე ძალიან დიდ ხანს მეუბნებოდნენ უარს… იძულებული გავხდი, პაროლი მეთქვა, ელექტროშოკით მემუქრებოდნენ. თავზე პოლიეთილენის პარკი დამაფარეს და შემდეგ ჩემი ცემა დაიწყეს, ამიტომაც პაროლი ვუთხარი. ვერ დავინახე კონკრეტულად რომელი სოციალური მედია შეამოწმეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა”, – ამბობს ალიონა კიტაევა.

ალიონა გამოცემა Insider-თან ყვება, რომ მას პოლიციელის შეურაცხყოფის ცრუ ბრლადებითაც ემუქრებოდნენ. „ბიჭი, რომელიც ჩემთან ერთად დააკავეს, ოთახიდან გაიყვანეს, როდესაც ჩემი წამება დაიწყეს. კარი დაკეტეს. ყვირილი დავიწყე, ერთ-ერთი პოლიციელი დამცინოდა, „ო, მიშველეთ, მიშველეთ“ – იმეორებდა დაწვრილებული ხმით. შემდეგ შემომხედა და მითხრა – „შეხედე, გამკაწრე!“ და დამემუქრა, რომ მიჩივლებდა. თანაც დაამატა, რომ ოთახში კამერები არ იყო, მხოლოდ ის და ოთხი „უზარმაზარი“ მამაკაცი იყვნენ ჩემთან ერთად“, – ამბობს რუსული პოლიციის ძალადობის მსხვერპლი გოგონა.

ალიონას 19 წლის და, ალექსანდრა კი ყვება, რომ განყოფილებაში გადაჭედილი ავტობუსით გადაიყვანეს. პოლიციამ მას მობილური და პასპორტი წაართვა, ემუქრებოდნენ და თითის ანაბეჭდებიც ძალით აუღეს.

„მემუქრებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავემორჩილებოდი, სერიოზული პრობლემები მექნებოდა. როცა ადვოკატი მოვითხოვე, მიყვირეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც მოგვიანებით ფოტოზე ამოვიცანი და ალექსეი ოკოპნი აღმოჩნდა, ანაბეჭდები ძალის გამოყენებით ამიღო. მან კედელთან მიმაყენა და მუჭის გაშლა მაიძულა, ხელზე ახლაც მემჩნევა ძალადობის კვალი. შემდეგ „გალიაში“ გადამიყვანეს, სადაც ორ საათს მარტო ვიყავი. პოლიციელს ვკითხე, სად წაიყვანეს ჩემი და, მან კი მიპასუხა, რომ ალიონა მოკლეს და სიცილი დაიწყო. შემდეგ გააგრძელა – „ის ახლა ჩვენი სტრიპტიზის მოცეკვავეა“. მერე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა კაცმა სურათები გადამიღო და ტელეფონის პაროლის გამხელას მაიძულებდნენ. მკითხეს, რომელ სოციალურ ქსელს ვიყენებდი, შეამოწმეს ჩემი ტელეგრამი, „ვკონტაქტე“, ნომრებიც ამოიწერეს. მეკითხებოდენ – ვინ მაძლევდა დავალებებს, ვინ მიხდიდა ფულს. ძალიან შეშინებული ვიყავი, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე, ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მეუბნებოდნენ, მთელი ღამე არ მიძინია, მერე რაღაც დოკუმენტებზეც მომაწერინეს ხელი”, – ამბობს ალექსანდრა კიტაევა.

3 თებერვალს სასამართლომ ალიონას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ალექსანდრას კი – 10. პესკოვმა კიტაევების ისტორიაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ ახლა გოგონები მთავარ პროკურატურაში თავიანთ სამოქალაქო უფლებებს უნდა იცავდნენ.“

ეს მხოლოდ ერთი დაკავების ამბავია 11 ათასამდე შემთხვევიდან. ასეთია ავტოკრატი პუტინის უტიფარი რეჟიმის ნამდვილი სახე – პოლიციელები, რომლებიც ადამიანებზე ძალადობენ, გაგუდვით ემუქრებიან, ელექტროშოკით აწამებენ. პრეზიდენტს ჰყავს პრესმდივანი, რომელიც სისტემის მსხვერპლს დასცინის და ცინიზმს ასხივებს. ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ფორმალობისთვის ფურცელზეც კი არ წერია.

ალექსეი ნავალნის დაკავებამ რუს ხალხზე ცივი წყლის გადასხმასავით იმოქმედა. იანვრის აქციებზე მასობრივი  დაჭერებისა და პოლიციელების სასტიკი ძალადობის მიუხედავად, 2 თებერვლის აქციაზე მაინც უამრავი ადამიანი გამოვიდა, თანაც, არამხოლოდ მოსკოვში, რუსეთის სხვა დიდ და პატარა ქალაქებშიც. სახელმწიფო მანქანა ხალხის წინააღმდეგ მთელი ძალით მუშაობს, მაგრამ რუსები გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტის გამოხატვის ახალ ფორმებსაც მიაგნეს. საინტერესო სანახავი იქნება ფარნებით განათებული რუსეთი, სადაც განულებული პუტინის დასასრული იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.

ნათია გაჩეჩილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები