აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით მეტ დეტალს ელოდება და მოუწოდებს გამჭვირვალობისკენ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
“ვიმედოვნებთ, მივიღოთ ანგარიში და ჯანმო-ს გამოძიების დეტალები. მნიშვნელოვანია, მსოფლიომ გაიგოს რაც შეიძლება მეტი პანდემიის გავრცელების საწყის სტადიაზე, რომ მომავალში შევძლოთ ბიოლოგიური კატასტროფების არიდება”, – თქვა მან.
მისი თქმით, აშშ ადრე გამოთქვამდა შეშფოთებას “სრულ ტრანსპარენტულობასა და წვდომასთან დაკავშირებით” და ჩინეთმა ასეთი ტრანსპარენტულობა ვერ უზრუნველყო.
პრაისმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა იმასთან დაკავშირებით, რომ ვირუსი შესაძლოა, ლაბორატორიაში გაჩნდა.
უჰანში პანდემიის გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელმაც გუშინ პირველი პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ჩინეთის საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელმა, ლიან ვანიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ბაზარში “ზედაპირებზე ვირუსის კვალი იყო. იქ მისი შეტანა შეეძლოთ როგორც ადამიანებს, ისე, ცხოველებს”.
მისივე თქმით, არ იძებნება არც იმის კვალი, რომ ვირუსი ქალაქის მოსახლეობაში 2019 წლის დეკემბრამდე ყოფილიყო გავრცელებული.
ამასთანავე, ჯანმო-ს ექსპერტებმა პანდემიის დაწყებიდან არსებული ვერსია დაადასტურეს, რომ თავდაპირველად კორონავირუსი ღამურების პოპულაციაში იყო გავრცელებული. თუმცა, მათი აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ უჰანში ვირუსი სწორედ ამ ცხოველებიდან მოხვდა. სავარაუდოდ, არსებობდა შუალედური მატარებელიც.