მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 432 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 11 752 ადამიანი კი გარდაიცვალა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19 432 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, –  ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი თქმით,  პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის 105 394 301 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კოვიდ-19-ს 11 752 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი გარდაცვლილთა რაოდენობა 2.3 მილიონს აჭარბებს.

პანდემიაზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ იტალიაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 400-1000 ევრომდე ჯარიმაა.

„პოლიცია ხალხის თავშეყრის ადგილებში ნაკადების მართვას ცდილობს. მობილობა შესამჩნევად გაიზარდა იტალიის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით,  ქ. რომსა და ქ. მილანში.  პირბადის ტარების სავალდებულო წესის დარღვევისთვის პოლიცია მოქალაქეებს 400-დან 1 000 ევრომდე აჯარიმებს”, – წერს უცხოური მედია.

მათივე თქმით, შაბათ-კვირას საბერძნეთში დამატებითი შეზღუდვები და ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.

„საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით,  5-15 თებერვლის პერიოდში სამ რეგიონში (ატიკა, თესალონიკი, ჰალკიდიკი) შაბათ-კვირას ე.წ. კომენდანტის საათი 18:00-05:00 საათებში იმოქმედებს (ნაცვლად 21:00- 05:00-ისა) და 07:00-17:00 საათების პერიოდში ღია მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები და საწვავის გასამართი სადგურები იქნება“, – წერს უცხოური მედია.

ვაქცინაზე საუბრისას კი ხაზგასმულია, რომ კოვიდვაქცინის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი მსოფლიო გამოწვევაა.

„ამერიკის წამყვანი ინფექციონისტის, ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამ დროისათვის, ვაქცინის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის. ყოველივე ეს მოსალოდნელი იყო და ვაქცინის მწარმოებლები ჯერ კიდევ თვეების წინ საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პირველ თვეებში წარმოება ვერ იქნება სწრაფი. პროცესი ვერ დააჩქარა ვერც იმ ფაქტმა, რომ ვაქცინის დოზების წარმოება დაიწყო მანამ, სანამ მწარმოებელი კომპანიები ოფიციალურად მიიღებდნენ ავტორიზაციას. ამასთან, ენტონი ფაუჩიმ აღნიშნა, რომ, ვაქცინაციის პროცესში დაბალი მიწოდების მიუხედავად, საჭიროა, რომ ორფაზიანი ვაქცინის შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორმა მისდიოს შესაბამის გაიდლაინს, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ვაქცინის ერთი დოზის მიღება იქნება ეფექტური, თუნდაც გარკვეული მაჩვენებლით”, – წერს უცხოური მედია.

ასევე, საუბარია აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, რუსეთსა და უკრაინაში არსებულ კოვიდვითარებაზე.

„აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 1 268 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 86 928 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

7 თებერვალს გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების 15 845 და გარდაცვალების 373 ფაქტი გამოვლინდა.

6 თებერვალს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 20 586 შემთხვევა გამოვლინდა.

6 თებერვლის ინფორმაციით, ნიდერლანებში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, ქვეყანაში შემთხვევების საერთო რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 16 048 და გარდაცვალების 432 ფაქტი გამოვლინდა.

7 თებერვალს, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 3 370 და ლეტალობის 81 ფაქტი გამოვლინდა”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები