დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებაზე იმსჯელებენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის, ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”, – წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ 11 თებერვალს სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ:

„კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები