მერკელის სავარაუდო შემცვლელი აცხადებს, რომ გერმანია გაზს საბჭოთა კავშირისგან ყიდულობდა, ახლა რუსეთისგან და ეს სწორია
“გერმანიამ გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადი2”-ის მხარდაჭერაზე უარი, ალექსი ნავალნის გამო, არ უნდა თქვას, თუმცა, მან უნდა “უზრუნველყოს უკრაინის გეოპოლიტიკური ინტერესები”, – ამის შესახებ Reuters-თან საუბარში არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომელიც იანვარში მმართველი პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ლაშეტმა მიუთითა იმაზე, რომ აშშ რუსეთისგან ნედლ ნავთობს ყიდულობს.
პოლიტიკოსი თავს “პოლიტიკურ რეალისტად” უწოდებს და ამბობს, რომ “უნდა მივიღოთ მსოფლიო ისეთად როგორიც ის არის, რომ უკეთესი გავხადოთ”.
მისივე თქმით, დიპლომატიაში მნიშვნელოვანია როგორც ფასეულობები, ისე – ინტერესებიც.
“მაგრამ მორალიზატორობა და შიდა სლოგანები საგარეო პოლიტიკას არ წარმოადგენს”, – ამბობს ლაშეტი.
კითხვაზე, უნდა შეცვალოს თუ არა გერმანიამ კურსი და უარი თქვას “ჩრდილოეთ ნაკად2”-ზე, პოლიტიკოსი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის.
“50 წლის განმავლობაში, ცივი ომის აგრესიულ დროსაც კი, გერმანია გაზს საბჭოთა კავშირისგან ყიდულობდა, ახლა – რუსეთისგან. გერმანიის მთავრობა სწორი კურსით მიდის”, – განაცხადა არმინ ლაშეტმა.
პოლიტიკოსმა ხაზი გაუსვა, რომ მან ნავალნიზე თავდასხმა და დაპატიმრება გააკრიტიკა, ასევე, მხარი დაუჭირა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
“უკრაინის გეოპოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფა უნდა შევძლოთ, ასევე მოვახდინოთ ენერგომომარაგება ამ კერძო პროექტის მეშვეობით”, – თქვა მან.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარედ არჩევა ლაშეტს კანცლერის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად აქცევს მას შემდეგ, რაც მერკელმა თქვა, რომ სექტემბერში მეხუთე ვადით კენჭს აღარ იყრის.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კანცლერობის კანდიდატად აირჩიონ ბავარიის პრემიერი, მარკუს ზედერი, რადგან, სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მას მეტი მხარდაჭერა აქვს.
არმინ ლაშეტი ცნობილია თავისი პრორუსული პოზიციებით.