მაკა ბოჭორიშვილი კარლ ჰარცელს შეხვდა: მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ქარუმიძე.

როგორც ,,კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კარლ ჰარცელმა მაკა ბოჭორიშვილს ახალ პოზიციაზე არჩევა მიულოცა და ამ რანგში წარმატებები უსურვა.

შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს ორმხრივი და მრავალმხრივი განზომილების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებზე, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის” მნიშვნელობასა და ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ამბიციური გეგმის შესახებ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების თაობაზე. ევროკავშირის ელჩმა მზაობა გამოთქვა, თავის მხრივ, მხარი დაუჭიროს საქართველოს ინტერესების განხორციელებას ევროკავშირთან ურთიერთობებში.

შეხვედრის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთების საფუძველი იქნება.

კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებისადმი და ამ კუთხით რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის უპირობო მხარდაჭერა. ევროკავშირის ელჩმა სინანულით აღნიშნა ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირება და განაცხადა, რომ ისურვებდა ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას.

მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სექტორული თანამშრომლობისა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების გზებზეც ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები