მამუკა მდინარაძე: ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნებისმიერი უკანონო პატიმრობისგან რაც შეიძლება მალე გამოიხსნას საკუთარი მოქალაქე

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხოლმე, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით წნეხისა და უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადებული იურიდიული დოკუმენტი ქართული მხარის სასიკეთოდ, იძლევა საშუალებას, რომ საქართველოს მოთხოვნები ოკუპანტი ქვეყნის მიმაართ უფრო მძლავრი ბერკეტებით ამოქმედდეს.
„საქართველომ ბოლო დღეების განმავლობაში პირველად მიაღწია იმ იურიდიულ დოკუმენტამდე, რაც სტრასბურგის სასამართლომ დადო და რომელიც უკვე სამართლებრივადაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი პრეტენზიები ოკუპანტი ქვეყნის მიმართ უფრო მძლავრი ბერკეტებით ავამოქმედოთ.
თუმცა, არის ძალიან ცუდი ხვრელი, რასაც ჰქვია ოკუპანტის თავაშვებული მოქმედება საოკუპაციო ხაზის იქეთ. ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, ადამიანის უფლებების დარღვევა მოსდევს ხოლმე.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ხოლმე, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით წნეხისგან და უბედურებისგან დავიხსნათ ჩვენი მოქალაქეები, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ეს ძალიან ჭირს, იმ საოკუპაციო ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით გვხვდა. მათი მხრიდან გაუგონარი დანაშაული იყო, როდესაც მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს, საქართველომ სამხედრო-შეიარაღებული თავდასხმა და ცხინვალის დაბომბვა დაიწყო.
ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნებისმიერი უკანონო პატიმრობისგან რაც შეიძლება მალე გამოიხსნას საკუთარი მოქალაქე”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები