ილია მეორე: მთელ საქართველოს შეეწიოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა

დღეს დავით წინასწარმეტყველის, დავით მეფის ხსენების დღეა და მთელ საქართველოს შეეწიოს დავით წინასწარმეტყველის ძალა, რომელიც მას უფალმა უბოძა – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“დღეს ჩვენ შევთხვოთ დავითს, რომ იყოს შემწე და მფარველი საქართველოსი. დავით მეფემ მოგვანიჭოს ძალა და მადლი, რომ დავამარცხოთ ხილული და უხილავი მტერი. შეგვეწიოს მეფე დავითის ძლევამოსილი ძალა და მთელ საქართველოს შეეწიოს მადლი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა”, – ბრძანა პატრიარქმა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, იმდენად ძლიერი იყო მისი ფსალმუნების მადლი, რომ როცა მეფე საული დამძიმებული იყო ბოროტი სულისგან, მას ეძახდნენ, ის გალობდა და ეშმაკი შორდებოდა სულს.
“დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მაუწყე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. ეს ყოველი ადამიანის ლოცვა უნდა იყოს. ყოველმა ჩვენგანმა სთხოვოს უფალს, გვაუწყე ანუ მიჩვენე უფალო გზა, რომელსაც ვიდოდე და ჩვენი მიწიერი გზა უნდა მივიდეს სასუფეველში. იმდენად დიდი იყო მისი სიმშვიდე, რომ უფლის მეგობარი, უფლის საყვარელი ადამიანი იყო”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები