COVID-19 მსოფლიოში – კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა  2.2 მილიონი პაციენტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 105 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID-19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 76,8 მილიონს მიაღწია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქალაქეებმა, პანდემიის პირობებში, დაკარგეს მილიარდობით დოლარის დახმარება იმის გამო, რომ დეკემბრის ბოლოს ვერ შედგა  შეთანხმება დახმარების პაკეტის შესახებ დონალდ ტრამპსა და კონგრესს შორის. ასევე, არსებობს ალბათობა იმისა, რომ მომდევნო თვეს დახმარებას ისევ ვერ მიიღებს მილიონობით ამერიკელი, თუ შესაბამისი ორგანოები ვერ შეთანხმდებიან და არ დააჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებას. ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის ამჟამინდელი მიზანია, რომ დოკუმენტს ხელი 14 მარტამდე მოეწეროს.

საავიაციო კომპანიის, ამერიკის ავიახაზების (AA) განცხადებით, მათი 13 ათასამდე თანამშრომელი არის სამსახურიდან დათხოვნის საფრთხის წინაშე გამომდინარე იქედან, რომ 2021 წლის 1 -ელ აპრილს იწურება ავიაკომპანიის თანამშრომლებისთვის განსაზღვრული აშშ-ის მთავრობის დახმარების პაკეტი. ამ ყოველივეს კი ემატება ვაქცინის პროგრამის დაბალი ინტენსივობა და შეზღუდვები  ფრენებზე. „2021 წლის მეხუთე კვირის თავზე, ჩვენი კომპანიის სიტუაცია 2020 წლის იდენტურია. ვაქცინაციის განაწილება არ არის ისეთი სწრაფი, როგორც ველოდებოდით“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. ინფორმაციისთვის, ავიაციის კავშირები ითხოვენ  დახმარებას აშშ-ის მთავრობისგან, რათა შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება 2021 წლის ზაფხულისთვის.

შშ-ის შრომითი დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვრის ბოლო კვირაში კიდევ 779 ათასმა ადამიანმა შეავსო განაცხადა უმუშევართა დახმარების მოთხოვნით.  2021 წლის პირველ თვეში არ შეინიშნებოდა სამუშაო აღდგენის პროცესში პოზიტიური ტენდენციები. ეკონომისტების აზრით, მომდევნო პერიოდში გაუმჯობესება არაა მოსალოდნელი და უმუშევრობა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება გარკვეული პერიოდის მანძილზე.

პორტუგალიაში ინფიცირების 9 083 შემთხვევა და გარდაცვალების 240 ფაქტი გამოვლინდა; პორტუგალიაში კორონავირუსის მესამე ტალღის სიმწვავის გამო, მ/წ 3 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა, ანტონიო კოსტამ გადატვირთული სამედიცინო პერსონალისთვის დატვირთვის შემსუბუქების მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა;

3 თებერვალს გერმანიის სამხედრო ძალებმა პორტუგალიაში 26 ექიმი და მედდა მიავლინეს. გერმანიამ პორტუგალიაში 50 სამედიცინო ვენტილატორიც გააგზავნა. ამასთან, 150 სამედიცინო საწოლის მიწოდებაც იგეგმება. გერმანული სამედიცინო ჯგუფი ქვეყანაში 3 კვირის მანძილზე დარჩება

2 თებერვლიდან საბერძნეთის მთავრობამ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დამრღვევთათვის ფინანსური ჯარიმები გაზარდა. რესტორნებიდან გატანის სერვისის დროს დაუშვებელია კვების ობიექტში შესვლა ან გარეთ  ახლოს დგომა. ამ წესის დამრღვევი პირები 300 ევროთი, ბიზნესები კი 3 000 ევროთი დაჯარიმდებიან;

დიდ ბრიტანეთში, კოვიდის ახალი შტამების გავრცელების პირობებში, აქტუალურია სასტუმროების საკარანტინე ზონებად გამოყენების საკითხი, რის შესახებაც ქვეყნის მთავრობა მსჯელობს რამდენიმე დღეა.

დიდ ბრიტანეთის მთავრობა, სავარაუდოდ, 22 თებერვალს წარადგენს ლოქდაუნის მოხსნის გეგმას. წინასწარ ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი იქნება ეტაპობრივი. ამასთან, ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 8 მარტიდან დაიწყება სკოლებში მოსწავლეების დაბრუნების პროცესი, რაც მთავრობისთვის პრიორიტეტულია. მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი.

4 თებერვლის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 20 634 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 915 ადამიანი კი გარდაიცვალა;

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა მ/წ თებერვლის ბოლოს სკოლების ეტაპობრივი გახსნა დააანონსა.

3 თებერვალს საფრანგეთში COVID-19-ით ინფიცირების 26 362 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში მორიგი ანტირეკორდია. ჰოსპიტალურ სექტორზე წნეხი კვლავ მაღალია. ქვეყნის მთავრობა იმედოვნებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის (18:00-06:00) მოქმედება, ამასთან, კულტურული დაწესებულებების, რესტორნების, ბარების და სპორტული დარბაზების დახურვა ვირუსის გავრცელების შეკავებას უზრუნველყოფს;

4 თებერვლის მონაცემებით, ესპანეთში 14 დღეში 100 000 მოსახლეზე, ინფიცირების 815 შემთხვევა ფიქსირდება, რაც წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84 შემთხვევით ნაკლებია. ქვეყანაში კვლავ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი, მ/წ 3 თებერვალს, ესპანეთში გარდაცვალების 567 ფაქტი გამოვლინდა;

დანიაში გამოვლენილ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში, ახალი და უფრო გადამდები შტამის პროპორციული წილი, საერთო შემთხვევების კლების მიუხედავად, იზრდება. გასულ კვირას, დანიაში ჩატარებული ტესტებიდან ე.წ ბრიტანული შტამი 16,5%-ში გამოვლინდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი მიანვრის პირველ კვირას 3% იყო;

6 თებერვლიდან შვედეთი უცხოელი სტუმრებისთვის კორონავირუსის ნეგატიური ტესტის წარდგენას სავალდებულოს ხდის.

4 თებერვალს ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 057 და გარდაცვალების 68 ფაქტი დაფიქსირდა; ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის, იან ბლანტის განცხადებით, ქვეყანაში  ე.წ. ბრიტანული შტამი მასობრივად გავრცელდა. ეპიდემიოლოგიური რისკების შესამცირებლად, მინისტრმა მოსახლეობას რეგიონებს შორის გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ უმჯობესდება. მისი აზრით, აღნიშნული ვითარება მოსახლეობის  მიერ რეგულაციების უგულებელყოფის ბრალიც არის; ამჟამად, ჩეხეთის მასშტაბით ბევრ საავადმყოფოში საწოლფონდი შევსებულია

ჩეხეთი ევროპის ყველაზე პატარა სახელწიფოა, სადაც კორონავირუსით 1 მილიონ ადამიანზე მეტი დაინფიცირდა. ექსპერტები მძიმე ეპიდვითარების მიზეზად, მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკას ასახელებენ;

ლატვიაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000-ს მოსახლეზე ინფიცირების 136,4 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ევროპის იდენტურ მაჩვენებელზე 32%-ით მეტია

ლიეტუვაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000-ს მოსახლეზე ინფიცირების 533 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების აღნიშნული მაჩვენებლით ლიეტუვა ევროპულ ქვეყნებს შორის მე-6 ადგილს იკავებს;

ბოლო 24 საათში რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 16 714 და გარდაცვალების 521 ფაქტი გამოვლინდა;

4 თებერვალს უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 5 082 და ლეტალობის 140 ფაქტი გამოვლინდა;

თურქეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის 2 შემთხვევა და ე.წ. ბრაზილიური შტამის 1 შემთხვევა დაფიქსირდა;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები