ირაკლი ღარიბაშვილმა და უნგრეთის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დასავლური კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ლოჯისტიკის ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბუდაპეშტში მდებარე ნატოს სამხედრო სამედიცინო სრულყოფის ცენტრთან (Military Medical Centre of Excellence) თანამშრომლობის პერსპექტივას.