ამირან გამყრელიძე: ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება
“ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რისკები ყველა შემსუბუქების დროს არსებობს.
„უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა.
მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე არსებულ შეზღუდვას, გამყრელიძის განმარტებით, ამ შეზღუდვის მოხსნა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„თუ ეპიდსიტუაცია ჩამოვიყვანეთ ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა – 15, 20, 100 შემთხვევა დღეში, მაშინ ამაზეც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.