გიორგი კახიანი: არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარის თქმით ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარის თქმით ოპოზიცია საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენს.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები საკუთარ პოზიციაში მართლები არ არიან.
“გარედან იმაზე საუბარს, რომ არჩევნები გაყალბდა, კეთილი ინებონ, შემობრძანდნენ პარლამენტში და კომისიაში ვიმსჯელოთ. დასვან ნებისმიერი კითხვა, რაც მათ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გააჩნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენენ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე მსჯელობისთვის მზად ვართ, მაგრამ მათ საკუთარი პოზიციების სისუსტე ძალიან კარგად იციან. იციან, რომ საკუთარ პოზიციაში მართალი არ არიან, ამიტომ, დებატებში შემოსვლასა და საერთო მაგიდასთან დაჯდომას თავს არიდებენ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.